განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი 2010 წლის 1 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ“. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით
პროექტის მიზნები და ამოცანები
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით სფეროში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების მობილიზების და ინფორმირებულობის მექანიზმების ჩამოყალიბებას და შემუშავებული მექანიზმების პრაქტიკული მდგრადობის უზრუნველყოფას. პროექტი განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში და იგი ითვალისწინებს შერჩეული რეგიონების 10 სკოლის სამეურვეო საბჭოების, როგორც თემის შემაკავშირებელი რგოლის როლის გაზრდას ადგილობრივი თემების მობილიზებაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისათვის; გარემოსდაცვით პრობლემებზე არსებული სასწავლო კურსისათვის დამხმარე ლიტერატურის შექმნას; აგრეთვე, გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების ფორმატის ჩამოყალიბებას.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს პროექტის ფარგლებში პარტნიორობას გაუწევს ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) და გაზეთი „24 საათი“.
პროექტის განხორციელების არეალი და პერიოდი
პროექტი განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში და მისი ხანგრძლივობაა 24 თვე: 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1ნოემბრამდე.
პროექტის სამიზნე ჯგუფები
პროექტის უშუალო მიზნობრივი ჯგუფია საქართველოს 10 რეგიონში მდებარე 10 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 120-მდე წარმომადგენელი და სკოლის თემი (მოსწავლეები (დაახლოებით 1000), მათი მშობლები (დაახლოებით 1800), პედაგოგები (დაახლოებით 500-მდე)). კონკრეტული რეგიონის კონკრეტული სკოლები შეირჩევა პროექტის იმპლემენტაციის საწყის ეტაპზე პროექტის საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მიხედვით. მიზნობრივ ჯგუფში ასევე შედის შერჩეული რეგიონების თემისა და მმართველობითი რგოლების წარმომადგენლები (სულ 300-მდე).
პროექტის მოკლე აღწერა
ფუნქციური თვალსაზრისით პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაძლებელია დავაჯგუფოთ ოთხ მიმართულებაში:
- ანალიტიკური საქმიანობა - გულისხმობს თემის მობილიზაციის მოდელის სქემის დამუშავებას; მოდელის პრაქტიკული გამოყენებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოს შექმნას. სახელმძღვანელოთი შემდგომში იხელმძღვანელებენ, როგორც პროექტში მონაწილე პარტნიორი, ასევე სხვა სკოლებიც და ადგილობრივი თემებიც. (აღნიშნულ საქმიანობას ძირითადად განახორცილებს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი).
- გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ სასწავლო კურსის შექმნა - ვინაიდან არსებული ეროვნული სასწავლო გეგმა მეტწილად მოიცავს გარემოსდაცვით საკითხებს, პროექტის შედეგად დაგროვილი გამოცდილება აისახება პედაგოგთა დამხმარე სახელმძანელოში, რათა საგნის სწავლებისას სათანადო ყურადღება გამახვილდეს სუფთა, ხარჯთეფექტურ ტექნოლოგიებზე. ამ აქტივობას ებმის ასევე პედაგოგებისათვის ტრეინინგის მოდულების და საგნის სწავლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადება. (აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო კონტაქტში).
- პარტნიორი სკოლების სამეურვეო საბჭოების უნარების განვითარება თემის მობილიზებისათვის გარემოსდაცვითი პრობლემების ირგვლივ - გულისხმობს სამეურვეო საბჭოებისათვის ტრეინინგ მოდულების შექმნას და განხორციელებას გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიკაციისა და მისი მოგვარების ინსტრუმენტებზე. თემის მობილიზების მოდელის პრაქტიკულ პილოტირებასა და აპრობაციას. ადვოკატირების უნარების დაუფლებასა და გამოყენებას. (ამ კომპონენტს აპლიკანტი ინსტიტუტი განახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან და სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობით).
- მობილიზების, ადვოკატირების და საინფორმაციო კამპანიების წარმართვა - დატრეინინგებული სამეურვეო საბჭოები ადგილებზე წარუძღვებიან თემთა მობილიზების კამპანიებს წინასწარ შერჩეული თემების ირგვლივ. ლობირებას მოახდენენ შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დასანერგად. აგრეთვე, წარიმართება აქტიური საინფორმაციო კამპანიები პარტნიორი მედიასაშუალებების და ადგილობრივი მედიის მონაწილეობით პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგებისა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზების პოპულარიზაციის მიზნით.
ქრონოლოგიური თვალსაზრისით აქტივობები დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად. პირველი ეტაპი კონცენტრირებულია მოსამზადებელ სამუშაოებზე, პარტნიორი სკოლების შერჩევასა და ქსელის ჩამოყალიბებაზე. ასევე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. მეორე ეტაპი კონცენტრირებულია სკოლის შიგნით სამეურვეო საბჭოების მომზადებაზე თემთა მობილიზაციის შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესასრულებლად. ასევე განხორციელდება ამ ფუნქციის პრაქტიკაში დანერგვა. მესამე ეტაპზე გათვალისწინებულია გარემოსდაცვით პრობლემებზე არსებული სასწავლო კურსისათვის დამხმარე ლიტერატურის შექმნა. პროექტის მეოთხე ეტაპი გულისხმობს პროექტის ფარგლებში შეძენილი გამოცდილებისა და კონკრეტული პროდუქტების კომპილაციასა და პოპულარიზაციას. მოსახლეობის ფართო ფენების აქტიური ინფორმირების კამპანიის წარმართვას.
პროექტის მართვა
პროექტის ოპტიმალური მართვის მიზნით და მასში ჩართული ყველა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებისათვის, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულია საკონსულტაციო საბჭო, სადაც შედიან განმახორციელებელი ორგანიზაციის, პარტნიორი ორგანიზაციების, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საქართველოს ოფისის (WWF Georgia), საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები.




No comments:
Post a Comment